კაია კალასი ბაქოში ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე - მზად ვართ უფრო სტრუქტურული პარტნიორობის განსახილველად აზერბაიჯანთან - Palitra News

კაია კალასი ბაქოში ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე - მზად ვართ უფრო სტრუქტურული პარტნიორობის განსახილველად აზერბაიჯანთან

2026-05-05 21:52:39+04:00

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“აზერბაიჯანი ღირებული და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია ევროკავშირისთვის, შესაბამისად კარგი იყო დღეს ბაქოში ყოფნა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვნთან საუბრებისთვის.

ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის დაკავშირებულობის გაძლიერება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია და მზად ვართ უფრო სტრუქტურული პარტნიორობის განსახილველად აზერბაიჯანთან.

არსებობს მკაფიო პოტენციალი, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში.

ასევე მოსაზრებები გავცვალეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომსა და ახლო აღმოსავლეთში ირანის ბოლო თავდასხმებზე,” - წერს კალასი.

ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში - გერმანიასა და ავსტრიაში - შევიდა.

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამავდროულად, ქვეყანა ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.