დროებითი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირების გეგმა მთავრობამ უნდა შეიმუშაოს.
პროცესში ჩართვის მზადყოფნას მსხვილი სავაჭრო ქსელებიც გამოხატავენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასნამატის შემცირება.
ეკონომისტების ნაწილი გამოსავლად საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირებას განიხილავს. მათი შეფასებით, ეს პროდუქციის თვითღირებულებას შეამცირებს და ფასებზეც დადებითად აისახება.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ფასების ზრდის შეკავება ვერ შეძლო და საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა. ოპონენტების შეფასებით, ქვეყანაში გაძვირების ტენდენცია კვლავ მთავარ ეკონომიკურ პრობლემად რჩება.