დამნაშავედ ცნო სასამართლომ [ირაკლი ღარიბაშვილი], მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ საკმაოდ პრინციპული ადამიანია, ადვილად მოსატეხი არ არის და თავზე არ აიღებდა იმ დანაშაულს, რაც მიაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია - როცა ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ისაუბრო იმაზე, რომ მე არ ვიმჩნევ ამას და მაინც შეშფოთებული ვარ - შეშფოთდნენ, რა ვუყოთ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზეცაა საუბარი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილია საქმეზე მტკიცებულებები არსებობს, მიღებულ ანგარიშში კი მაინც შეშფოთებაა გამოთქმული, ეს არის ოქსიმორონი, „რაც მათ ახასიათებთ”.
„საუბრობდე მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობაზე და პარალელურად საუბრობდე იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არსებობს, “მაინც შეშფოთებული ვარ”, ეს არის ოქსიმორონი. მათ ახასიათებთ ეს. ამ კაცმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] ეს დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმებაზეც წავიდა ამ მიმართულებით. დამნაშავედ ცნო სასამართლომ, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ საკმაოდ პრინციპული ადამიანია, ადვილად მოსატეხი არ არის და თავზე არ აიღებდა იმ დანაშაულს, რაც მიაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია. როცა ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ისაუბრო იმაზე, რომ მე არ ვიმჩნევ ამას და მაინც შეშფოთებული ვარ - შეშფოთდნენ, რა ვუყოთ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ურთიერთგამომრიცხავი ყალბი ნარატივებით იცხოვრონ და გააგრძელონ ასე ცხოვრება”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ შესწორებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
„ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ მართლმსაჯულებასთან, ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურებთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.