ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით საკუთარი ერთგული პირების მოშორებაზე გადავიდა - არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტს მშვიდი ძილის საშუალება უნდა ჰქონდეს! კაცმა არ იცის შემდეგი ვინ იქნება, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ჟურნალისტ გიორგი უძილაურის დაკავებას.
აქუბარდიას თქმით, ამ თვალსაზრისით საინტერესო მამუკა მდინარაძის ანონსი იყო. როგორც აქუბარდიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, “რუსეთის ჯაშუშის დაკავება გადმოგდებული თემა იყო იმისთვის, რომ შემდეგ “სხვა ქვეყნების ჯაშუშებზე“ გადასულიყვნენ“.
“სუს-ის გუშინდელმა ბრიფინგმა თავისი მძაფრი სიუჟეტით და შემდეგ სუს-ის მიერ სამთავრობო მედიის მეშვეობით მოწოდებულმა ინფორმაციამ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი დააკავეს, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, რა თქმა უნდა, უამრავი კითხვა გააჩინა.
ამ დაკავების ანონსი მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მას შემდეგ, რაც მდინარაძე სუს-ის თანამდებობის უფროსობიდან გადააყენეს, “იმედზე“ იმის შესახებ საუბრობდა, რომ პირველ დაკავებულ ჯაშუშს, რომელიც ახალგორელი აღმოჩნდა, სხვა ქვეყნის ჯაშუშების დაკავება მოჰყვებოდა. ჯაშუშებთან წინასწარგამოცხადებული ანონსებით ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებში არ მინახავს. ამ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი, „უკრაინოლოგი“ პროპაგანდისტი არა რუსეთის აგენტი, არამედ დასავლეთის ჯაშუში ყოფილა. ამ ყველაფერმა მათ შორის სუს-ის მიმდინარე ანგარიში გამახსენა, სადაც მდინარაძის მიერ ხელმოწერილ ანგარიშში მკაფიოდ წერია, რომ თურმე დასავლეთი საქართველოს დეზინფორმაციით ებრძვის იმისთვის, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს. ასეთ არანორმალურ დასკვნებს და შეფასებებს აქვს ადგილი.
მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ორგზის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში გაუშვა, როდესაც თავისივე ერთგული პირი გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში გაუშვა, ახლა უკვე ციხეში თავისი პროპაგანდისტი გაუშვა, თუმცა ჯაშუშობის ბრალდებით.
გაგახსენებთ რუსული კანონის პირველად ჩავარდნის და მეორედ მიღების პროცესში როგორ უწოდებდნენ კრიტიკულად და განსხვავებულად მოაზროვნე პირებს უცხო ქვეყნის აგენტურას. ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ როგორ დაიწყო 319-ე მუხლით გამოძიება - ეს არის საბოტაჟის მუხლი მტრულად განწყობილი ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის.
აქ საინტერესო მამუკა მდინარაძის ანონსი იყო. თითქოს რუსეთის ჯაშუშის დაკავების თემა გადმოგდებული იყო და შემდეგ სხვა ქვეყნებზე გადავიდოდნენ. გასაგებია, რომ შემდეგი “ევროპის ჯაშუშის“ გამოვლენა უნდა ყოფილიყო.
რატომ გიორგი უძილაური: - არა მაქვს ამაზე პასუხი! ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ბაჩიაშვილი - ივანიშვილი ამ ფორმით საკუთარი ერთგული პირების მოშორებაზე გადავიდა და არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტს მშვიდი ძილის საშუალება უნდა ჰქონდეს! კაცმა არ იცის,შემდეგი ვინ იქნება.
გასაგებია, რომ “ქართული ოცნებისთვის“ ყველანი მტრები ვართ. ისიც გასაგებია, როცა სუს-ის თავისი ანგარიშის მიხედვით პარტიასა და ქვეყანას შორის ტოლობის ნიშანს სვამს, მაგრამ “ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებისთვის მთავარი კითხვა უნდა იყოს, ვინ იქნება შემდეგი და რას უკავშირდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
აქუბარდიას შეფასებით, ყველაზე ადეკვატური ამ კუთხით ლალი მოროშკინას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი იყო. მისი თქმით, ყველას ექნება შიში იმისა, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა თავიდან მოიშოროს.
“ჩანს, რომ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში არის გაურკვევლობა და შიში. ეს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ არავის ივანიშვილი არ დაიცავს. არ დაიცავს იმ ერთგულ პროპაგანდისტებსაც კი, ვინც დღეს ივანიშვილის სახელით ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს ღიად უპირისპირდებიან. ყველას ექნება შიში იმისა, რომ შეიძლება ივანიშვილმა თავიდან მოიშოროს.
ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტობა ძალიან უღირსი და მათ შორის დაუფასებელი საქმეა. როცა სუს-ი პარტიის ინტერესებს იცავს და არა ქვეყნის, ეს ყველაფერი არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ პარტიისთვისაც გამოწვევას მქნის, თუ ასევე წელიწადში ორჯერ შეცვლილ სუს-ის უფროსს გავითვალისწინებთ. ის, რომ დასავლეთი მტერია, საქართველოს დეზინფორმაციით ებრძვის და ჯაშუშები ჰყავს - სიუჟეტი, რაც გიორგი უძილაურთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მახსენებს ფილმებს ჯაშუშების შესახებ“, - განაცხადა აქუბარდიამ.
აქუბარდიას აზრით, ლალი მოროშკინას პოსტში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძეს წყალი აქვს შემდგარი და ივანიშვილმა სხვა პრემიერი უნდა დანიშნოს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ურჩევნიათ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად ივანიშვილი იყოს და არა ბიძინა ივანიშვილის შუამავალი პირი.
“ეს განცხადება კობახიძის წინააღმდეგ უფრო არის მიმართული, ვიდრე სიტუაციის გამოსწორებას მიზნით. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, თუ რას აკეთებს კობახიძე, არის სასაცილო.
ერთი ტენდენცია, რაც ვიცით არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი პრემიერი სამ წელზე მეტი ვადით არ ჰყოლია. ეს არის მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი გზა. ირაკლი კობახიძეს არც ერთი შეღავათი ივანიშვილისთვის არ მოუტანია - მას ვერც ამერიკული სანქციები მოაშორა, ვერც ტრამპთან დაალაგა ურთიერთობა, ვერც დასავლეთთან იმ დონეზე ვერ შექმნა საგარეო პოლიტიკა, რომ ივანიშვილი ისეთი მიიღონ როგორიც ის არის. ამაზე რომ უარია, ეს ევროპარლამენტის ანგარიშიდანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს. გეოპოლიტიკური ცვლილებები და ევროკავშირის ორი სამიტის ერევანში ჩატარებაც ამის დასტურია.
ირაკლი კობახიძემ ვერაფერი გააკეთა იმ ინტერესის შესასრულებლად, რაც ივანიშვილის მიერ საჯაროდ გახმოვანდა: - მიმიღეთ ასეთი როგორიც ვარ, რადგან ასეთიც გჭირდებით!
კობახიძემ ვერც წინააღმდეგობა გაანადგურა ბოლომდე, რადგან დღეს ქართველი ხალხის უმეტესობა არა თუ წინააღმდეგობის პროცესშია ჩართული, არამედ მკაფიოდ ხედავს თუ როგორ გაუარესდება ცხოვრების ხარისხი. დღეს საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროტესტია. შესაბამისად, დღეს კობახიძემ ვერც ივანიშვილის ინტერესი შეასრულა და მისი კარიერის 3-წლიანი ვადაც დასრულებას უახლოვდება.
ახლა მთავარია არა ის, თუ ვინ მოვა ირაკლი კობახიძის შემდეგ, არამედ ის, თუ რას დათმობს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.