ჩორჩანას საქმეზე პროკურატურას ჰყავს მოწმე, რომელმაც თქვა, რომ საგუშაგოს აგებამდე ადამიანებს მაგ ტერიტორიაზე აკავებდნენ, ჩადგმის მერე მოგვარდაო - პროკურორი მიხვდა, გეგმა ჩაეშალა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პროკურორი თავისი კითხვებით, ოკუპანტების მხარეს დგას.
„ჩორჩანას საქმეზე პროკურატურას მოწმე ჰყავს წარღვლში მცხოვრები ბატონი, რომელიც პროკურატურამ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაიბარა.
დაკითხვის დასასრულს კაცი ამბობს, საგუშაგოს აგებამდე ადამიანებს მაგ ტერიტორიაზე აკავებდნენ, ჩადგმის მერე მოგვარდაო.
პროკურორი მიხვდა, რომ გეგმა ჩაეშალა - აზუსტებინებს და აზუსტებინებს მოწმეს, ოღონდ იმას ვერც კი იაზრებს, ოკუპანტების მხარეს რომ დგას ამ კითხვებითაც კი! ტრაგი-კომედია,“ -წერს ბუჩუკური.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.