ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაცული იყოს გამოხატვის სტანდარტი - ვფიქრობ, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საკმაოდ კონსტრუქციულები არიან და იმედი მაქვს, სახელმწიფოსაც ასეთი მიდგომა ექნება - Palitra News

ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაცული იყოს გამოხატვის სტანდარტი - ვფიქრობ, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საკმაოდ კონსტრუქციულები არიან და იმედი მაქვს, სახელმწიფოსაც ასეთი მიდგომა ექნება

2026-05-06 14:36:57+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ.

მშობლები განმარტავენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყო.

ამასთან, მათივე თქმით, საუბარი შეეხო შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევას.

„ჩვენს შვილებს აქვთ სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ გვაქვს შეკრების უფლება და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და ხელი უნდა შეგვეშალოს შეკრებაში. დღეს სახელმწიფო არ იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლის უფლებას და დღეს სახელმწიფო არღვევს ჩვენი, როგორც მშობლების შეკრებისა და გამოხატვის უფლებას,“ - განაცხადა მშობელმა, კახა წიქარიშვილმა.

ორგანიზაციის - „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარემ, ზაქრო გვიშიანმა კი განაცხადა, რომ ლევან იოსელიანს დეტალურად მოახსენეს „იმ დარღვევების შესახებ, რაც ამ პერიოდში განხორციელდა“.

„ლევან იოსელიანს დეტალურად მოვახსენეთ იმ დარღვევების შესახებ, რაც ამ პერიოდში განხორციელდა. ბუნებრივია, ჩვენ დავიწყეთ საუბარი მთავარი მოთხოვნით, რაც არის მკურნალობის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. ჩვენ ამ პროცესში ვერ მივიღეთ სათანადო პირობები და არასათანადო პირობებში გვიწევს იქ ყოფნა. შევთანხმდით, რომ ჩვენ სრულყოფილად, მტკიცებულებებთან ერთად მივაწვდით სახალხო დამცველს ინფორმაციას და ისინი მოახდენენ მყისიერ რეაგირებას თითოეულ ინფორმაციაზე და დარღვევებზე, რაც ხდება სიტყვის და გამოხატვის პროცესში,“ - განაცხადა ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარემ, ზაქრო გვიშიანმა.

თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მშობლებს მან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან ურთიერთობის პროცესში დახმარება შესთავაზა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დღესაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოხატვის ნაწილში, დაცული იყოს მათი გამოხატვის სტანდარტი და მიეცეთ საშუალება, რომ გამოხატონ იმგვარად, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ და იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რაც საქართველოში არსებობს. ამავე დროს, მომავალში გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ასევე, შევთავაზე, ჩემი რესურსის ფარგლებში, ხელი შევუწყო მათ და შესაბამის უწყებებთან ურთიერთობას, მედიაციის პროცესს, რომ საბოლოო ჯამში პროცესი გადაწყდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს პროცესი დასრულდეს იმგვარად, სადაც მშობლები, ბავშვები იქნებიან ამ შედეგით კმაყოფილი. მე ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. მშობლები საკმაოდ კონსტრუქციულები არიან ამ მიმართულებით. ცდილობენ, მაქსიმალური თანამშრომლობა გამოავლინონ სახელმწიფოს მიმართ. იმედი მაქვს, სახელმწიფოსაც ასეთი მიდგომა ექნება და ეს პროცესი წარმატებით დასრულდება,“ - განაცხადა