მეუფე ნიკოლოზი - ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითონ - ბიზნესმენი რას ნიშნავს, სანაცვლოდ ფული შესთავაზა თუ რა?! - ვიღაცა რომ მოვიდეს და რამე მთხოვოს, რა მოხდა?! - Palitra News

მეუფე ნიკოლოზი - ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითონ - ბიზნესმენი რას ნიშნავს, სანაცვლოდ ფული შესთავაზა თუ რა?! - ვიღაცა რომ მოვიდეს და რამე მთხოვოს, რა მოხდა?!

2026-05-06 17:09:03+04:00

პირდაპირ ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითოს რაღაც - ვიღაცა რომ მოვიდეს და რამე მთხოვოს, რა მოხდა?! ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „პალიტრანიუსთან“ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ გარე ჩარევებთან დაკავშირებით გამოცდილება არ აქვს.

„მე არ მაქვს ეს გამოცდილება. პირდაპირ ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითოს რაღაცა და ა.შ. ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის მსგავსი არავის უთხოვია. ბიზნესმენი რას ნიშნავს, სანაცვლოდ ფული შესთავაზა თუ რა?! მაინცდამაინც ბიზნესმენი რით არის მნიშვნელოვანი, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო მაგალითად, მეცნიერი? ჩარევა საიდან არის?! შეიძლება სთხოვა, მაგრამ ჩარევა რატომ არის შეგიძლიათ ამიხსნათ?! რატომ არის თხოვნა ჩარევა?! არ მომისმენია მეუფე ზენონის ლაპარაკი, მაგრამ თუ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, მაშინ ეს თხოვნა კი არ არის, თქვათ, რასაც ის ამბობს, გამოდის, რომ ეს არის ან მუქარა, ან მატერიალური დაინტერესება ან სხვა. ჯობია, ასეთ რაღაცაში არაფერი იგულისხმებოდეს და პირდაპირ თქვას. ვიღაცა რომ მოვიდეს და მთხოვოს, მთხოვოს რა მოხდა?! ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს,“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

გარდა ამისა, სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ კრების მოწვევას ემხრობა.

„პრობლემების მეტი რა არის, მოვაგვაროთ. ჩავატაროთ კრება და მოვაგვაროთ. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ, დებულების თანახმად, წელიწადში ორჯერ უნდა იყოს კრება მოწვეული. [კრების ჩატარებას] ვემხრობი, რა თქმა უნდა, აბა რა. ჩვენ ვითვალისწინებდით უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის ფიზიკურ უძლურებას და ამიტომ ვჯერდებოდით უშუალო შეხვედრებს. ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით და შემდეგ პატრიარქს მოვახსენებდით ხოლმე. თუ ჯანმრთელობის პრობლემა აღარ იქნება, რატომ არა?! შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. ამას რა უდგას წინ?! რა არის ამაში ცუდი?! შევიკრიბებით და ვისაუბრებთ, მაგას რა ჯობია?!,“ - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა „ტვ პირველთან” განაცხადა, რომ ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც მღვდელმთავრებს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვა.

„თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი.. დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა", - განაცხადა მეუფე ზენონმა.