[გიორგი უძილაურის მიმართ] მძიმე ბრალდებაა, რაც არის სრულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავებას.
პაპუაშვილის თქმით, თვალსაჩინოა თუ როგორ მუშაობენ ადამიანები ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იყოს მობილიზებული.
„თავისთავად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა უფრო პრიორიტეტული, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად და მობილიზებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.