ახალი პატრიარქის მოლოდინში - განსხვავებული ხედვები ეკლესიის შიგნით - Palitra News

ახალი პატრიარქის მოლოდინში - განსხვავებული ხედვები ეკლესიის შიგნით

2026-05-06 20:42:11+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით პროცესები აქტიურდება - პატრიარქის არჩევის მოლოდინში კანდიდატები საკუთარ ხედვებს აჟღერებენ, სინოდის წევრებს შორის კი რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები იკვეთება. გაფართოებულ კრებამდე, ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს და ეკლესიის განვითარების მიმართულებებზე საუბრობს. რეფორმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი კანდიდატი - მეუფე იობი, რომელიც სხვადასხვა სფეროში ცვლილებების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

მიტროპოლიტი იობი ერთ-ერთია სინოდის წევრებისგან, რომელიც საეკლესიო ცხოვრებაში შესაძლო ჩარევებსა და ზეწოლაზე საუბრობს. მანამდე, ამგვარი შინაარსის განცხადებები მეუფე ზენონ იარაჯულმაც გააკეთა, რომელიც სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევის ინიციატივითაც გამოდის. ამ ფონზე, როცა გარე გავლენებსა და შიდა პროცესებზე განსხვავებული პოზიციები იკვეთება, სხვაგვარად აფასებს ვითარებას მეუფე იაკობი. მისი განცხადებით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საქმეში არავინ ერევა.