სასამართლო გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს - Palitra News

სასამართლო გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

2026-05-07 09:07:27+04:00

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.