რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა სახელმწიფოს უკრაინის დედაქალაქიდან თავიანთი საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სამინისტრო ყველა ქვეყნის ხელისუფლებებს და უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაჟინებით სთხოვს, ამ განცხადებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის, ასევე მოქალაქეების დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან. 4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, 8 და 9 მაისის პერიოდში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად 6 მაისის შუაღამიდან შემოიღო "სიჩუმის რეჟიმი" - რომელიც რუსეთმა, ფაქტობრივად, დაარღვია. აღსანიშნავია, რომ წელს 9 მაისის ტრადიციული აღლუმი წითელ მოედანზე შემცირებული მასშტაბით ჩატარდება, ღონისძიებაში ჩართული არ იქნება საბრძოლო ტექნიკა. მიმდინარე მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიაზე გადასვლის მკაფიო წინადადება გაეგზავნა, თუმცა მოსკოვმა შეტევები არ შეაჩერა.