დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება

2026-05-07 13:14:42+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა ირანს 30-დღიანი ვადა მისცა, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შეთანხმების მისაღწევად კონკრეტული საბოლოო ვადა არ არსებობს. თუმცა მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოლაპარაკებები საკმაოდ პროდუქტიული იყო. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ირანი გამდიდრებულ ურანს შეერთებულ შტატებს გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი 400 კილოგრამზე მეტ გამდიდრებულ ურანს ფლობს. დიპლომატიური მცდელობების ფონზე კი, საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე პირველი საჰერო დარტყმა განახორციელა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ისრაელის მედია იუწყება, რომ „ჰეზბოლას“ ელიტური „რადვანის“ ძალების მეთაური დარტყმის შედეგად დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებს ან „ჰეზბოლას“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.