„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე, ქვეყანაში საწვავი გაძვირდა და ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს.
როგორც დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სახელმწიფომ უნდა დაწიოს და შემდეგ, მთლიანად უნდა გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი.
„სამწუხაროდ, საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი შეუქცევადი გახდა. სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე, ქვეყანაში საწვავი გაძვირდა და გაძვირება გრძელდება. „ქართული ოცნება“ კი ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საწვავი დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო ჯამში, 28 თებერვლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 47 თეთრიდან 1.25 თეთრამდე გაიზარდა.
2012 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება ივანიშვილისგან იყო, რომ ბენზინის ფასს შეამცირებდა და მოაშორებდა კარტელებს ბენზინის ბიზნესს. ეს დაპირება ხელისუფლებაში 13 - წლიანი ყოფნის შემდეგ, კრახით მთავრდება. ამ კამპანიიდან 13 წელი გავიდა, ბენზინის ფასი კი გაორმაგებულია და 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე აქამდე იყო. ბენზინის ფასის ზრდაში პირდაპირი კონტრიბუცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2017 წელს გააორმაგა აქციზის ფასი და ამით ბენზინის ფასი გაზარდა. ამიტომ, მხოლოდ ჰორმუზის კრიზისს ამას ვერავინ დააბრალებს. როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს, დღეს სახელმწიფოს აქვს ერთადერთი გამოსავალი - მინიმუმ დაწიოს 2017 წლის ზღვარზე აქციზის გადასახადი და გარკვეული პერიოდის მანძილზე, მთლიანად გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი. ეს შეუმსუბუქებს ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილებისა და ტრანსპორტირების ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ხარჯს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.