დასასჯელი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი მათთვის განსაცდელი როგორმე ამერიდებინა? თუმცა ვერ შევძელი - საჭიროა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ საკუთარ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა.
მისივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მისი უდანაშაულობა.
„დასასჯელი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი მათთვის განსაცდელი როგორმე ამერიდებინა? თუმცა ვერ შევძელი, რადგან განვითარებული მოვლენები ჩემს კონტროლს მიღმა, ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ბატონო მოსამართლევ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანლად დასტურდება ჩემი უდანაშაულობა და ეს დეტალურად ახსნა თავის დასკვნით სიტყვაში ჩემმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ და ასევე სახალხო დამცველმა „სასამართლოს მეგობრის“ აქტში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ დევს არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალს დაადასტურებდა, მიმაჩნია, რომ ამ საქმის მიმართ მაღალია პოლიტიკური ინტერესი. საჭიროა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო. ბატონო ირაკლი ხუსკივაძე, აქვე გიდასტურებთ კეთილ სურვილებს და გულწრფელად არ მსურს ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ, იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურსმნონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის. დიდება უფალს! დიდება საქართველოს!“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.