უცხოურ ვალუტაში, 1 მლნ ლარზე ნაკლებ სესხს ვეღარ აიღებთ. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ძალაში ამ წლის 1 ივლისიდან შევა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. რეგულაცია ეხება მათ, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების არგუმენტაციას, ეროვნული ბანკის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. შესაბამისად, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. ამ ფონზე კი, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხების მინიმალური ზღვარი ერთ მილიონ ლარამდე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხებზე ზედა ზღვარი თავდაპირველად 2024 წლიდან აამოქმედა. 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა, 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, იმავე წლის აგვისტოდან - 750 ათას ლარამდე გაზარდეს. ბოლო გადაწყვეტილებით კი 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ეს ზღვარი კიდევ 250 ათასი ლარით, 1 მილიონ ლარამდე იზრდება.