ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა - ამ გადაწყვეტილებით, საქართველოში 252 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - Palitra News

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა - ამ გადაწყვეტილებით, საქართველოში 252 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება

2026-05-07 13:51:10+04:00

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც გაზარდა 8.25%-მდე. აქაც მიზეზად ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება, ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივება და გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი დასახელდა, რაც პირდაპირ თუ ირიბად საქართველოზეც ახდენს გავლენას. „ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასებში უკვე აისახა. აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რამაც მეორე რაუნდის რისკები უფრო საყურადღებო გახადა. თუმცა დაჩქარების მიუხედავად, ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის“. - განმარტავს თავის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი. სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარი მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მეორე კვარტალში დასრულებას. თუმცა აღნიშნული დაშვება პირობითია და მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. შესაბამისად, მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ოპტიმალურად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პპ-ით 8.25 პროცენტამდე ზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ. სებ-ის ამ გადაწყვეტილებით, საქართველოში 252 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება. 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ ამ რაოდენობის სესხია გაცემული. 252 ათასზე მეტი ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხია - თითქმის 80%. 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და მსხვილ ბიზნესზე ხელშეკრულებების მხოლოდ 1% მოდის.