ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - Palitra News

ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

2026-05-07 14:08:01+04:00

ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, 9%-იანი წილით მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, ხოლო სამეულს 7%-ით უკრაინელები ხურავენ. ამასთან, სებ-ის ანგარიშის მიხედვით 4%-იანი წილით მეოთხე ადგილზე ბელარუსი დეპოზიტარები არიან, 3-3%-ი კი კვიპროსისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე მოდის. ამავე ანგარიშის მიხედვით, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი, მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში, 2025 წლის განმავლობაში 0.8%-ით შემცირდა და დეკემბრის ბოლოსთვის 17.5% შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში არასაბანკო დეპოზიტები 10 მლრდ ლარით გაიზარდა და დეკემბრისათვის დაახლოებით 67.1 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან არარეზიდენტებზე (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები იგულისხმება) მოდიოდა 11 მილიარდ 757 მილიაონი ლარის ანაბარი. თუ გავითვალისწინებთ არარეზიდენტებში რუსეთის მოქალაქეების 37%-იან წილს, გამოდის, რომ 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით რუსები ქართულ ბანკებში თითქმის 4.4 მლრდ ლარს ინახავდნენ.