გია ვოლსკი - ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ თუ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება თუ „ქართული ოცნების”, ჩვენკენ უნდა იყოს, როდესაც ფეხბურთის გუნდი ეთამაშება სხვას - Palitra News

გია ვოლსკი - ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ თუ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება თუ „ქართული ოცნების”, ჩვენკენ უნდა იყოს, როდესაც ფეხბურთის გუნდი ეთამაშება სხვას

2026-05-07 14:26:55+04:00

ჩვენი ელჩი იყო იქ, ბომბები ცვიოდა მართლა, არ გამოსულა, იდგა ვაჟკაცურად და გამოაპანღურეს - იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ აღიარა ის, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო? ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, მაგას გვეკითხებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვის ჭრილში, მხარეებს შორის საუბარი შედგა თუ არა უკრაინაში ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძეს მხარეებს შორის საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ელჩის საკითხი, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ელემენტი.

„არ ვიცი ამასთან დაკავშირებით რაზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად, როგორც პრემიერმა თქვა, პოზიტიური საუბარი ჰქონდათ. რასაკვირველია, დეტალებში იგი არ შესულა, მაგრამ ელჩის საკითხი, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ელემენტი.

უნდა იცოდეთ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება თუ „ქართული ოცნების” მხარდამჭერი, როდესაც ფეხბურთის გუნდი ეთამაშება სხვას, ჩვენკენ უნდა იყო და არა იმისკენ, ვისაც ეთამაშება, რომ ამან წააგოს და როგორმე ხალხში ცუდი განწყობა შეექმნას. ჩვენი ელჩი იყო იქ, ბომბები ცვიოდა მართლა, არ გამოსულა, იდგა ვაჟკაცურად და გამოაპანღურეს. იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ აღიარა ის, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო? ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, მაგას გვეკითხებით, სრულიად სამარცხვინოდ. ჩვენ ბოდიში არავისთვის არავისთან მოსახდელი არ გვაქვს.

მე ეს კი მოვიგონე ძველი თემა, მაგრამ პერსპექტივაში რა ხდება არ ვიცი. ბევრი ქვეყანაა ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ საელჩოები არის. ერთადერთი ქვეყანა ჩვენ ვართ მე მგონი, ვისაც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს რუსეთთან, თუ უკრაინას არ ჩავთვლით. ჩვენ გაწყვეტილი რომ გვქონდა, უკრაინას ჯერ კიდევ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები, ელჩი იმყოფებოდა კიევში, მათი ელჩი - მოსკოვში, გაზს ატარებენ უკრაინის გავლით მთელ ევროპაში და უკრაინა აქედან ფინანსურ სარგებელს იღებდა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. გარდა ამისა, გარკვეულ პრინციპებთან აბსოლუტურად სხვადასხვა აზრის მქონე სახელმწიფოთა შორის თუკი გამოიძებნება საერთო ენა და საქმე წავა მოლაპარაკებისკენ, რაღაც პოზიციების შეჯერებისკენ, ეს უნდა იყოს მისასალმებელი და არა ისტერიკის ასატეხი ამბავი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრი სიბიგას შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და ხაზი დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს გაესვა.