პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - Palitra News

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2026-05-07 14:47:49+04:00

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გიორგი კაჭკაჭაშვილმა გიორგი ჯოხაძესთან ერთად სანდრო წივწივაძისგან შეიძინეს და შეინახეს ცეცხლსასროლი იარაღები, აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი იარაღით, გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მოკლა ლევან ჯანგველაძე და მისი თანმხლები პირის მკვლელობა სცადა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მამუკა ბაღდავაძემ იცოდა გელა უძილაურის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, ამასთან დანამდვილებით იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა. ასევე გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მამუკა ბაღდავაძემ მისცა ცრუ ინფორმაცია, რითაც მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე 2025 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), ხოლო მამუკა ბაღდავაძეს 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-2,მე-3 ნაწილებით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოკითხული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემით სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი მოტივით, როცა ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გიორგი კაჭკაჭაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.