კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, განცხადებები, მუქარები - იმედი გვაქვს, აშშ-თან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას - Palitra News

კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, განცხადებები, მუქარები - იმედი გვაქვს, აშშ-თან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას

2026-05-07 15:03:54+04:00

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა განცხადება, რომელიც აშშ-ის წინა პრეზიდენტის პირობებში კეთდებოდა, შეიცავდა სიცრუეს და ცილისწამებას.

„ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზადაა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. კატეგორიულად მიუღებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, განცხადებები, მუქარები, რომელთაც ვისმენდით. ყველა განცხადება, რა თქმა უნდა, შეიცავდა სიცრუეს, დაფუძნებული იყო ტყუილზე, იყო ცილისწამება მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინვე ვთქვით, რომ ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მეგობრული, პარტნიორული, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული და გათვალისწინებული. დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერი გამოეხმაურა თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ახალ კონტრტერორისტულ სტრატეგიას და განმარტა, რომ მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რის ფონზეც პრიორიტეტი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ვაკვირდებით რა პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, თვალს ვადევნებთ რუსეთ-უკრაინის ომს. მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების საფიქრალი ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.