ირაკლი ნადირაძე - ვიცი, რომ მართალი ვარ შვილების წინაშე - როცა ღვინის ჭიქას აწევენ, არ გაუჩნდებათ კითხვა, სად იყო მამაჩემი, ქვეყანას რომ არუსებდნენო - Palitra News

ირაკლი ნადირაძე - ვიცი, რომ მართალი ვარ შვილების წინაშე - როცა ღვინის ჭიქას აწევენ, არ გაუჩნდებათ კითხვა, სად იყო მამაჩემი, ქვეყანას რომ არუსებდნენო

2026-05-07 15:53:36+04:00

ძალადობრივი ჯგუფების შექმნასა და ორგანიზებაზე გვესაუბრებიან ტელევიზიით ისინი, ვინც შეიარაღებულ უკანონო ფორმირებებს აყალიბებდნენ, სოფლებსა და ქალაქებს ძარცვავდა და წვავდნენ, ვინც ზვიად გამსახურდიასა და კანონიერ ხელისუფლებას ავტომატებს ესროდა,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე მომავალში მიუკერძოებელი გამოძიება აუცილებლად ჩატარდება.

„ჩემი ბრალეულობა რეჟიმმა დაინახა მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს თავადვე დაუგო მახე. რამდენი გაყალბებული საექსპერტო დასკვნა არ უნდა წარმოადგინონ, ფაქტია, რომ სასახლის ღობეები წინასწარ იყო გადაჭრილი. წარმოუდგენელია, სასახლეს ჰქონდეს ღობე, რომელსაც 4 კაცი, 4 მიწოლით წააქცევს და რა დროც არ უნდა გავიდეს თავიდან დაიწყება გამოძიება და დადგინდება, თუ ვინ რა მიზნით და ვისი დავალებით გადაჭრა ეს ღობეები. სწორედ ამ მიზნით მოხდა, კამერების შეტრიალება ან კადრის ისე დაახლოება, რომ საზოგადოებას არ ენახა, თუ როგორ წაიქცა ღობე. როგორც ჩანს, ამ სიურპრიზზე გვესაუბრებოდა ირაკლი კობახიძე და მიუხედავად იმისა, რომ მის დაკითხვას ვითხოვდით, არ იქნა დაკითხული, ისევე როგორც მასთან ერთად არ იყო დაკითხული სხვა პირები. შემდეგ მამუკა მდინარაძემ თქვა და აღიარა, ყველაფერი ვიცოდითო. გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მის მიერ იყო პროვოცირებული.

როდესაც ჩავედი, ღობე უკვე წაქცეული იყო, შეგნებულად, შიშველი ხელებით, ყველანაირი ძალადობის გარეშე, დროშით შემოხვეული შევედი, რომ დავეკავებინე მეც, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენი დაკავება სისხლის სამართლის წესით მოხდებოდა და არა ადმინისტრაციული წესით. მაგრამ აქაც საბჭოთა სტანდარტით, ადამიანები, რომლებმაც დააქციეს ქვეყანა არიან თანამდებობებზე და ხალხს, რომლებსაც წინასწარ გადაჭრილი ღობის წაქცევას აბრალებენ, ციხეში უნდა წავიდნენ.

ასევე, წარდგენილი მაქვს ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზების ბრალი, რომელიც 9 წლიდან პატიმრობას მოიცავს, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფების შექმნასა და ორგანიზებაზე გვესაუბრებიან ტელევიზიით ის ხალხი, რომელიც შეიარაღებულ უკანონო ფორმირებებს აყალიბებდა, სოფლებსა და ქალაქებს ძარცვავდა და წვავდა, ვინც ზვიად გამსახურდიასა და კანონიერ ხელისუფლებას ავტომატებს ესროდა, ოპოზიციის ოფისებს არბევდა. იმ ვიდეოში, სადაც არაფერს არ ვამბობ, ჩვენ, 5 ადამიანს, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ვართ. სამარცხვინო ბრალდებაა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩვენ, რომელიმე პირი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ვიყავით. უამრავი ხარვეზია გაპარული და გამოძიების ეტაპზე ადგილი აქვს გამოძიების არასრულყოფილ და მიკერძოებულ ჩატარებას, სადაც ჩანს, რომ მათი მიზანი საქმის პოლიტიკური მიზნის და შედეგების მიღება იყო.

ვიცი, რომ მართალი ვარ. მართალი ვარ ჩემი შვილების წინაშე, 100 წლის შემდეგ როდესაც ღვინის ჭიქას აწევენ, არ გაუჩნდებათ კითხვები, ქვეყანას რომ არუსებდნენ, სად იყო მამაჩემიო. მადლობა ყველა სინდისის პატიმარსა და პოლიტპატიმარს. დღეს სასამართლო, საქართველოს სახელით განაჩენს გამოგვიტანს, მაგრამ ვიცი, რომ საბოლოო და ნამდვილ განაჩენს ჩვენ, ისტორია გამოგვიტანს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ბოლოს ჩვენ მოვიგებთ",- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე, ირაკლი ნადირაძემ თავის სიტყვაში სამართლებრივი ნაწილის გარდა, ყურადღება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა.

„გავიხსენოთ ბოლოს, როდის მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ეს იყო 2012 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნებიდან 1 საათში დამარცხება აღიარა. მაგრამ იყო თუ არა „ოცნება" სწორი არჩევანი? პარლამენტის პირველივე სხდომაზე მიიღეს ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვის შესახებ კანონი.

რა დაპირებებით მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში: საწვავის ფასის გაიაფების დაპირებით, აცხადებდნენ, რომ საწვავის ფასიდან რაღაც ნაწილი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა და ახლა საწვავის ფასები გაორმაგებულია; დენისა და გაზის ტარიფების კლების დაპირებით, რომელთა ფასიც გაზრდილია. კალაძე გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი გაიაფდებოდა. 0-პროცენტიანი სესხები იქნებოდა და დღეს საბანკო განაკვეთები გაიზარდა. უფასო და იაფ ფულს მხოლოდ მათ სეიფებში ვხედავთ და როდესაც აღარ ეტევა ოქროს ზოდებად ვხედავთ. განათლების რეფორმაო და პირველი, რაც გააკეთეს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გააუქმეს და კაზინოა დღეს გახსნილი. გვპირდებოდნენ უფასო ჯანდაცვას და უბედურებად ვხედავთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ადამიანები დგანან და პასუხის გამცემი არავინ არ არის. რა ფასები აქვს ექიმთან მისვლას და როგორ ითვლიან პენსიონერები ხურდებს წამლების საყიდლად. თითო სოფელს 5 მილიონიო და 5 კაცი აღარ დარჩება სოფელში. სიტყვის თავისუფლებაო და "ფეისბუქ" პოსტის გამო ადამიანებს იჭერენ.

თუ წინა ხელისუფლებას შეეძლო, რომ 8 წელიწადში ხელისუფლება აეშენებინა, ამათ სხვა მოცემულობა ჰქონდათ 2012 წელს- გამართული სისტემები.

2003-2012 წლებში იყო შეცდომები, მაგრამ იმის ნახევარი გაკეთებულიყო ამ წლებში, რაც მაშინ გაკეთდა, "ქართულ ოცნებას" შეეძლებოდა ეთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანა არისო. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ვერ კი არა, არ გაკეთდა. რადგან ივანიშვილი აქ იმისთვის გამოუშვეს, რომ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დაენგრია და ქვეყანა იზოლაციაში მოექცია.

არსებობენ 3 ტიპის ადამიანები - მშივრები, დანაყრებულები და გაუმაძღრები და როდესაც ბიძინაზე ვსაუბრობთ საქმე გაუმაძღრობასთან გვაქვს. სოცდაუცველებს უფასო სასადილოებიდან პარავენ ფულს, ჯარიდან, ბაღებიდან. ამით არა მარტო ფულს, არამედ ჩვენს მომავალსაც იპარავენ",- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.