2024 წლის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია". ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.
ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტის ელისო ჯარიაშვილის მიერ საგამოძიებო სიუჟეტში დასახელებული პირის კავშირი გურამ როგავას საქმესთან არ დასტურდება.
„რაც შეეხება ელისო ჯარიაშვილის მიერ, რეპორტაჟში დასახელებულ პიროვნებას, მისი რაიმე სახის კავშირი როგავას საქმესთან არ დასტურდება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის კითხვაზე პროკურატურაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განმარტებით, 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.