ლევან სამუშია - ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ძალადობდა, ასევე, თუ არსებობდა დამკვეთი, ხელის დამფარებელი, გამოძიებისთვის სავარაუდო ხელის შემშლელი და შემფერხებელი - Palitra News

ლევან სამუშია - ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ძალადობდა, ასევე, თუ არსებობდა დამკვეთი, ხელის დამფარებელი, გამოძიებისთვის სავარაუდო ხელის შემშლელი და შემფერხებელი

2026-05-07 21:04:20+04:00

თუ გვინდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა იყოს, ყველა სავარაუდო დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, რადგან საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ ჟურნალისტ გურამ როგავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციური პოლიტიკოსის თქმით, კომპლექსური გამოძიება არის ჩასატარებელი იმასთან დაკავშირებით, ჰყავდა თუ არა ორგანიზებულ ძალადობას დამკვეთი და თუ ჰყავდა, ისინიც უნდა დაისაჯონ.

„შეეძლო თუ არა ხელისუფლებას მანამდე ამ საქმეებზე აქტიურად ემუშავა და გამოეძიებინა, თუ არ გამოიძია, რატომ მოხდა ასე - ეს ცალკე საკითხია. ჰყავდა თუ არა ორგანიზატორი ამ ქმედებებს და იყო თუ არა ორგანიზებული ქმედებები?

იყო თუ არა გამოძიების ხელშეშლა, რომ არ წასულიყო გამოძიება სწრაფად და ეფექტურად, ჰყავდა თუ არა ამ მიზანმიმართულ ქმედებას სავარაუდო დამკვეთები და თუ ჰყავდა, სად არიან ისინი - ეს ყველაფერი კომპლექსური თემაა და ამას სჭირდება გამოძიების ბოლომდე მიყვანა.

ალეკო ელისაშვილის შემთხვევა ხომ გახსოვთ? სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიყვანეს, სადაც ყველაზე დაცული ტერიტორიაა, კამერებია და ა.შ. ვინ შეიყვანა, რატომ შეიყვანა, იქ უკვე ჯგუფი იყო თუ არა... ეს ადამიანი ნაცემი გამოვიდა, რა მოხდა?

მაკა ჩიხლაძის შემთხვევა, იქ ხომ ჯგუფი მონაწილეობდა, ეს პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ. სად არის ამათი პასუხისგების საკითხი? როგორც შემსრულებლები, ისე სავარაუდო დამკვეთები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული.

თუ ჩვენ გვინდა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა იყოს, ყველა სავარაუდო დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ეს არის სისტემა და სისტემას სჭირდება სისტემური ქმედება და არა ჟურნალისტურ გამოძიებებზე რეაგირება. ბუნებრივია, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ძალადობდა და ასევე თუ არსებობდა დამკვეთი, ხელის დამფარებელი, გამოძიებაზე სავარაუდო ხელის შემშლელი და დროებით შემფერხებელი.

ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანი პროტესტი აქვთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალადობა და ამ ძალადობაზე არავინ იყო პასუხისგებაში მიცემული. საქართველოს მოქალაქისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ვინმეს ჩაგრავენ, ყოველთვის მიუღებელი იყო - წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების პირობებშიც და ყოველთვის ასე იქნება.

ჩემთვის პირადად ძალადობაა თუნდაც ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს იძულებულებს ხდიან, ქვეყანა დატოვონ. არაპირდაპირი ძალადობაა, მაგრამ როცა პირობებს გიქმნიან ისეთს, რომ შენს ქვეყანაში გაჩერების შესაძლებლობა არ გაქვს, სამუშაო ადგილები არ გაქვს, ის, რომ კორუფცია არის ქვეყანაში გამეფებული, ის, რომ გადასახადები იზრდება ყოველდღიურად და ა.შ.

მშვიდობა მოგიტანეთო, გვეუბნებიან და მშვიდობას ამადლიან ხალხს. რა არის მშვიდობა, ის, რომ მშობლებმა 22 ათასზე მეტი ბავშვი გამოიყვანეს სკოლებიდან და წაიყვანეს ქვეყნიდან? ის, რომ სიკვდილიანობამ გაუსწრო ახალი სიცოცხლის დაბადებას? შეუძლებელია ამას მშვიდობა ვუწოდოთ, როგორ შეიძლება მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ ის, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაძვირდა, ჯარიმების გადასახადი გაიზარდა. ეს ყველაფერი რომ გაიზარდა, ხელფასები და პენსია იზრდება? არა, არ იზრდება, სამაგიეროდ ექვსი წლის ზემოთ ავტომობილების შემოყვანა აკრძალეს, ვაზის გაშენება საწარმოო მიზნით აკრძალეს და გლეხს ეუბნებიან, ჩემგან უნდა აიღო ნებართვაო. სადაც კი შესაძლებელი იყო, ყველგან და ყველა ფენამდე ჩავიდნენ“, - განაცხადა სამუშიამ.