ირაკლი შაიშმელაშვილი - მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია - მოვა დრო, როდესაც ყველა ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს - Palitra News

ირაკლი შაიშმელაშვილი - მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია - მოვა დრო, როდესაც ყველა ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს

2026-05-07 23:22:37+04:00

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა.

ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ მის ადვოკატს საბოლოო სიტყვის სასამართლოში წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა, რის გამოც საკუთარი განცხადების საჯაროდ გავრცელება გადაწყვიტა.

შაიშმელაშვილი წერილში აცხადებს, რომ მომავალში ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც, მისი შეფასებით, „უსამართლო საქმეების შესრულებაში“ მონაწილეობდა.

"დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო - და მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია.

სამწუხაროდ, ჩემს ადვოკატსაც კი არ მისცეს უფლება, ჩემი საბოლოო სიტყვა წაეკითხა სასამართლოში.

ამიტომ, აქ გავაზიარებ.

P.S აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს“,- წერს შაიშმელაშვილი და წერილის ფოტოებს ავრცელებს.

ინფორმაციისათვის, 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.