შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილზე - ეს არის დანაშაულებრივი ერთობა - ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ ხალხს, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილზე - ეს არის დანაშაულებრივი ერთობა - ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ ხალხს, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან

2026-05-08 13:37:19+04:00

მე ერთადერთი, ვისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის რამდენიმე ელჩის აზრი, ართმევენ თუ არა ხელს მათ, ვინც 26 მაისს ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ დააანონსოს ძალადობა - ამას ჩვენ მალე ვიხილავთ!- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე თუ გამოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს გასცემს პასუხს კითხვაზე, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან.

„ჩვენ ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ დგას ამ მორიგი არეულობის მცდელობის უკან. ამავე დროს, ერთი რამე ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს არის ამ ადამიანების, დამოკიდებულება, რომლებსაც პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, ვინაიდან არიან ჩვეულებრივი გარედან დაკვეთის შემსრულებელი ხალხი, რომლებიც, როდესაც ხალხთან მიდიან, 5 -7 კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან ჯგროდ და კარგად დაკომპლექტებულები მიდიან, ეახლონ ელჩს, ეახლონ სხვადასხვა დედაქალაქს, იქ დაგეგმონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებები მათი დახმარებით. სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს თანმდევი ისტორია-ასე იყო წარსულშიც, როდესაც სხვადასხვა დედაქალაქში მიდიოდნენ იმისთვის, რომ იქ ჯარი შეეგროვებინათ საქართველოს წინააღმდეგ, ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსკოვში მიდიოდნენ იმისთვის, რომ თავისი კონკურენტი მოეცილებინათ თბილისში და თანამდებობა მიეღოთ, ასე ხდება ახლაც, როდესაც მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით და ზოგი სხვა დედაქალაქით და მიდიან ბრიუსელში, რათა ჩამოიცილონ კონკურენტები. მოღალატეს ისტორიაში ყოველთვის მიეზღვა თავისი და ასე აქვს მიზღული ამ დაჯგუფებასაც ქართველი ხალხის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი აგონია, რაშიც ჩავარდნილია დღეს რადიკალური ოპოზიცია, აგონიის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ვერ შეასრულეს ვერც ერთი დავალება, რომელსაც გარედან იღებენ ქვეყნის არევის, დამხობის, გადატრიალების, სისხლის ღვრის. 4 ოქტომბერიც ჩაეშალათ, როცა უნდოდათ, რომ საქართველოში „ნეპალი“ და სისხლის ღვრა მოეწყოთ და ახლა აქვთ მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის გარედან მათი პატრონებისგან, რომ რაღაც გააკეთონ, მაგრამ ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი ბევრჯერ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების საქმეზე განაჩენის შემდეგ, სიტყვა „ერთობა“ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ.

„ეს არის დანაშაულებრივი ერთობა. დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, დღეს ჩვენ ამ დაჯგუფებების სახით გვაქვს დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც ცდილობს საქართველოს დაზიანებას. ყველაფერ ამას უნდა შევხედოთ როგორც დანაშაულის დაგეგმვას, ორგანიზებას, დანაშაულის განხორციელებას. ვინაიდან ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური დანაშაული და რიგ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ დანაშაულში იზრდება ხოლმე, რომელსაც ისინი ჩადიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასე რომ, უნდა შევხედოთ როგორც პოლიტიკურ კრიმინალებს, რომელთაც აქვთ დანაშაულებრივი ერთობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.