მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის, რომ სპეცრაზმელებს ვინმე დავალებებს აძლევდა, რათა ვიღაც ეცემა - ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი - მივყვებით რეალობას და არა პიარ კამპანიას - Palitra News

მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის, რომ სპეცრაზმელებს ვინმე დავალებებს აძლევდა, რათა ვიღაც ეცემა - ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი - მივყვებით რეალობას და არა პიარ კამპანიას

2026-05-08 15:27:34+04:00

ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა. სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ კამპანიას, - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პოლიციელის დაკავების საკითხზე, მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ხელისუფლება თავს არ შეიკავებდა მათი დაკავებისგან, რასაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტიც ადასტურებს.

„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა სპეცრაზმელებს დავალებებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულებების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ე.წ. დამკვეთებზე გავიდეს. ეს არის მხოლოდ პიარ კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნა სახელმწიფოს სწორი მიდგომა. დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ, ყველას დაგვეჯერება, რომ ჩვენ ამის გამო თავს არ შევიკავებდით, ჩვენ ამის პრაქტიკა გვაქვს, მათ შორის ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო. ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაული არის სახეზე. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, ბუნებრივია, პიარ-კამპანიის ფონზე და საფუძველზე, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, მტკიცებულებებიც ამაზე მიუთითებენ, რომ ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ კამპანიას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გენერალური პროკურორის განმარტებით, 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.