წარმოდგენა არა აქვთ, რა არის დიპლომატიური აკადემია - სინამდვილეში რაღაც პარტიული სკოლის მსგავსის შექმნა დააანონსეს, ტვინგამორეცხილი „დიპლომატების“ გაზრდა უნდათ, - ასე აფასებს დიპლომატი გია ჯაფარიძე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამებს დაარტყეს.
„წარმოდგენა არა აქვთ, რა არის დიპლომატიური აკადემია. აზრზე არ არიან, რა ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური აკადემია, არ იციან, რას ემსახურება და როგორ მუშაობს.
უმაღლესი სასწავლებელი როგორ უნდა იყოს? სამი წელი უნდა ასწავლონ? რა უნდა ასწავლონ 3 წელი? სად უნდა წაიყვანონ მერე ეს „ნასწავლი“ ხალხი? რამდენი ადამიანი შეიძლება დაასაქმონ საგარეო საქმეთა სამინისტროში?
სინამდვილეში რაღაც პარტიული სკოლის მსგავსის შექმნა დააანონსეს. ტვინგამორეცხილი „დიპლომატების“ გაზრდა უნდათ, ოღონდ მართლა სად მიჰყავთ მერე, ეგ არ უთქვამთ. ბაზარი შეისწავლეს? რაღაც ასტროლინგვისტიკის და ასტროარქეოლოგიის მსგავსი სიგიჟეა.
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამებს დაარტყეს”, - წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.
როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.
მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.
დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.