მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეს ჩვენს ქვეყანას იცავდა, შესაძლოა, ეს ადამიანებიც, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ადამიანებმაც იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა და ცოცხლად არ დამწვარიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის სპეცრაზმელების დაკავებას გამოეხმაურა.
„ორი მომენტია მნიშვნელოვანი, პირველი, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობა და მეორე, მნიშვნელოვანია რომ, მხოლოდ მყარი მტკიცებულებების დროს უყენებს პროკურატურა ბრალს. პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი, მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვნახეთ კიდევაც, რომ არ დააყოვნა ბრალის წარდგენამ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას, ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს „მოლოტოვის კოქტელებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა, ამ დროს, ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, დიდი გამოწვევის წინაშე იყვნენ, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო, შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვა ქვეყანა ქაოსისგან და მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან. ამავე დროს, სამშობლოს დაცვა გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, არ იყოს არანაირი გადაცდომები, ამ შემთხვევაში ვნახეთ რამდენიმე ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამაზეც რეაქცია არის, მაგრამ კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეს ჩვენს ქვეყანას იცავდა, შესაძლოა, ამ ადამიანებმაც, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ დღეებში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა და ცოცხლად არ დამწვარიყო, რომ ის მაშხალები, რომელსაც პარლამენტს ესროდნენ, არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა, იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ, თუმცა, გადაცდომებსაც შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, მხოლოდ 5 სპეცრაზმელი არის თუ არა დამნაშავე, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ყველას დადგენა უნდა მოხდეს.
„რა თქმა უნდა, იყო სხვა ფაქტებიც და მნიშვნელოვანია, ყველა დადგინდეს. თქვენი აზრით, მხოლოდ 50 ადამიანი იყო, რომელიც დაკავებული იქნა მაშინ, ვინც ძალადობას სჩადიოდა ამ აქციის დროს? თქვენივე ტელევიზია არ იღებდა უფრო მეტ კადრს, როდესაც პარლამენტის შენობაზე პირდაპირ არის კადრი, როგორ ესვრიან მაშხალებს პარლამენტის შენობის ოთახებს, როგორ ეკიდება ცეცხლი, ის ადამიანი, სხვათა შორის, ვინც რამდენიმე ოთახი გადაწვა პარლამენტში, დღემდე არ არის გამოვლენილი, იდენტიფიცირებული არ არის... საჯარო კადრები რაც არის, ისიც საკმარისია, რომ ჩვენ დავინახოთ ფაქტები, სადაც უფლებამოსილების გადამეტება იყო და უმეტესი შემთხვევა, ხედავთ თქვენ, რომ გამოვლენილი არის და ადამიანები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, დაკავებული არიან. კიდევ არის რამდენიმე კადრი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველა დადგინდეს, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე ყველა თავდამსხმელი დადგინდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.