ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი დარჩება - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი დარჩება

2026-05-09 12:12:34+04:00

გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი დარჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე მიმდინარე სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ესწრება.

„მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია. დიდება გამარჯვებულ ხალხს! დიდება ვეტერანებს! დიდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს! გილოცავთ გამარჯვების დღეს! გამარჯვებული თაობების გმირობა შთააგონებს იმ მეომრებს, რომლებიც დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს ასრულებენ. ისინი უპირისპირდებიან აგრესიულ ძალას, რომელიც ნატო-ს მთელი ბლოკის მიერ არის შეიარაღებული და მხარდაჭერილი. მიუხედავად ამისა, ჩვენი გმირები წინსვლას აგრძელებენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „ტექნოლოგიებისა და საბრძოლო მეთოდების ცვლილების მიუხედავად, ქვეყნის ბედს ხალხი განსაზღვრავს“.

„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მის ზურგში მიიღწევა. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. გამარჯვებაში ყველას პირადი წვლილი შეაქვს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ტექნოლოგია და საბრძოლო მეთოდები, ყველაზე მნიშვნელოვანი უცვლელი რჩება: ქვეყნის ბედს ხალხი განსაზღვრავს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს.