სამართალდამცველების დაკავებას, რომლებიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეში ფიგურირებენ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საქმე ხუთი ძალოვანი უწყების თანამშრომელს ეხება.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ძალადობა სისტემური იყო ან კონკრეტული დავალებით ხდებოდა. მისი თქმით, გამოძიება ინდივიდუალურ შემთხვევებზე მიმდინარეობს და პროცესს შესაბამისი უწყებები ობიექტურად აწარმოებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების შეფასებას არ ეთანხმებიან. მათი პოზიციით, ხუთი პირის დაკავება მხოლოდ ფორმალური ნაბიჯია და რეალური პასუხისმგებელი პირების დაფარვას ემსახურება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქმე სისტემურ ძალადობას ეხება და მიმდინარე გამოძიება მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებს მოიცავს.