ეროვნული გვარდიის საველე ბაზა „პალდოზე“ მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და რეზერვისტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
რეზერვისტებს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა და სამხედრო ფიცის დადება მიულოცა. ფიცის მიღებამდე მონაწილეებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რომელიც ფიზიკურ მომზადებას, სამედიცინო სწავლებასა და სროლებს მოიცავდა.
ღონისძიებაზე მაღალი შედეგების მქონე რეზერვისტები და სამხედრო ინსტრუქტორები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.
ფიცის დადების შემდეგ რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სხვადასხვა ბატალიონში განაწილდებიან. ისინი რეზერვში ოთხი წლის განმავლობაში იმსახურებენ და ყოველწლიურად 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. პროგრამა თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ წვრთნებსა და კრიზისებზე რეაგირების უნარების განვითარებას ითვალისწინებს.