პეტერ ფიშერი - გვსურს, შესაძლებლობის ფანჯარა ღია დარჩეს და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - კანდიდატის სტატუსი გაქვთ, მეგობრული ურთიერთობა არსებობს, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, იცოდეთ: ფანჯარა მუდმივად ღია არ იქნება - Palitra News

პეტერ ფიშერი - გვსურს, შესაძლებლობის ფანჯარა ღია დარჩეს და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - კანდიდატის სტატუსი გაქვთ, მეგობრული ურთიერთობა არსებობს, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, იცოდეთ: ფანჯარა მუდმივად ღია არ იქნება

2026-05-09 15:12:58+04:00

საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვედი და მაშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ვესაუბრებოდი ხოლმე, დღეს მასთან ბევრს ვეღარ ვსაუბრობ, რადგან მოშორებულ ადგილასაა, მაგრამ მაშინ მას და ყველას, ვისაც ამის მოსმენა სურდა, ვუთხარი, რომ შესაძლებლობის ეს ფანჯარა ღიაა, მაგრამ გარანტირებული არ არის, რომ ის ღია იქნება სამუდამოდ,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ევროკავშირის წევრობას შეძლებს.

„დღეს არის 9 მაისი, ევროპის დღე. გერმანია არის დამფუძნებელი წევრი, ევროპა ჩვენთვის არის ჩვენი მშვიდობის, ჩვენი თავისუფლებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტი. ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეს, 80 წლის განმავლობაში ევროპა ნამდვილი წყალობა იყო ჩვენთვის და მოხარული ვარ, რომ ამ დღეს აქ ამდენ ქართველთან ერთად აღვნიშნავ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველებთან ერთად, რომლებსაც, როგორც ჩანს, უყვართ ევროპა. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. თქვენ გაქვთ მშვენიერი ისტორიული შესაძლებლობა, რომ შეუერთდეთ ამ კავშირს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება, იქამდე კი ჩვენ გავაგრძელებთ მეგობრობას და და კარგ ურთიერთობას როგორც ეს გვქონდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში",- განაცხადა ფიშერმა.

კითხვაზე, რამდენ ხანს დარჩება ღია შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ელჩმა აღნიშნა, რომ ყველაზე უცნაური რაც ამ პროცესში დაინახა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ევროპაში იმ ძალებთან მეგობრობს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.

„საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ეს სტატუსი შენარჩუნდება. საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვედი და მაშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ვესაუბრებოდი ხოლმე, დღეს მასთან ბევრს ვეღარ ვსაუბრობ, რადგან მოშორებულ ადგილასაა, მაგრამ მაშინ მას და ყველას, ვისაც ამის მოსმენა სურდა, ვუთხარი, რომ შესაძლებლობის ეს ფანჯარა ღიაა და ღია დარჩება, მაგრამ გარანტირებული არ არის, რომ ის ღია იქნება სამუდამოდ. გაფართოება პოლიტიკური პროცესია და უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ, იყო დიდი ბიძგი გაფართოებისთვის, ვთქვით, რომ მოდი პრიორიტეტი არ მივანიჭოთ კითხვის ნიშნებს გაფართოებასთან დაკავშირებით 9 კანდიდატი ქვეყნისთვის საქართველოსთან ერთად, პლუს თურქეთი, ბევრი საკითხი არსებობს, მაგრამ მოდით ეს გვერდით გადავდოთ და ძლიერი, გაბედული ბიძგი მივცეთ. მაგრამ ევროპაში ძლიერი პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ საკმარისია გაფართოება, უარს ეუბნებიან მომავალ წევრებს. ზოგიერთი ეს ძალა, სწორედ ის ძალები არიან, რომლებთანაც „ქართული ოცნება" სისტემურად მუშაობს და ეს უცნაურია. ჩვენ გვსურს, რომ ფანჯარა ღია დარჩეს და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად მოწვევა გაქვთ, მეგობრული ურთიერთობა არსებობს, ყველამ იცის წესები, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს და შესაძლებლობის ფანჯარა მუდმივად ღია არ იქნება“, - განაცხადა ფიშერმა.