ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის 30 წლის იუბილე თბილისში საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპელი დიპლომატების ურთიერთბრალდებების ფონზე აღინიშნება. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, უნდა ახსოვდეს მეორე მსოფლიო ომში ქართველების მიერ გაღებული მსხვერპლი და ამბობს, რომ „რომ არა ეს მსხვერპლი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა“.
პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი. მისი თქმით, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს არ სჭირდებათ ლექციის მოსმენა იმაზე, თუ რას ნიშნავს ევროპა.
ევროპის დღეზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა და ანტიევროპული რიტორიკა წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას აზიანებს. მიუხედავად ამისა, ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი კვლავ იმედოვნებს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება.