პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავება უნდა გახდეს მაგალითი ყველასთვის, ვინც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ აგენტობას გადაწყვეტს. მისი თქმით, სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში პრინციპული იქნება და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება კონკრეტული პირი.
კობახიძემ მედიასთან საუბრისას არ დაასახელა ის ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც, მისი მტკიცებით, გიორგი უძილაური თანამშრომლობდა. პრემიერის განცხადებით, კონკრეტული სახელმწიფოს დასახელებისგან თავს იკავებენ, რათა ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ დაზიანდეს.
გიორგი უძილაურს, რომელიც ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანია და წარსულში ჟურნალისტი იყო, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა. იგი ასევე „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია.
8 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ერთწუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც, უწყების მტკიცებით, უძილაურის „კონსპირაციულ შეხვედრას“ ასახავს. სუს-ის განცხადებით, ვიდეოში ჩანს ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტები.