შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ქალს სანადირო თოფიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი - ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.