მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც წელს დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. აღლუმი წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა მძიმე საბრძოლო ტექნიკის გარეშე. კრემლში ეს გადაწყვეტილება „ოპერატიული ვითარებით“ ახსნეს, თუმცა საავიაციო ნაწილი არ გაუუქმებიათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღლუმში მონაწილეობდნენ სამხედრო სასწავლებლების კურსანტები და უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეები. სატელევიზიო ტრანსლაციის დროს დიქტორმა განაცხადა, რომ ღონისძიებაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. თავის გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ებრძვიან „აგრესიულ ძალას“, რომელსაც ნატო უჭერს მხარს, ხოლო რუსეთის სამხედრო მიზნები „სამართლიანია“.
აღლუმს ესწრებოდნენ ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მალაიზიისა და ლაოსის ლიდერები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები.