ანა ბუჩუკური - „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ მისი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილსაც მომავალი ევროპაში წარმოუდგენია, ამიტომ აქვს ორსახოვანი პოლიტიკა - რაც არ უნდა მოინდომოს შიდა თუ გარე მტერმა, დამსახურებულ ადგილს დავიკავებთ ევროპულ ოჯახში - Palitra News

ანა ბუჩუკური - „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ მისი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილსაც მომავალი ევროპაში წარმოუდგენია, ამიტომ აქვს ორსახოვანი პოლიტიკა - რაც არ უნდა მოინდომოს შიდა თუ გარე მტერმა, დამსახურებულ ადგილს დავიკავებთ ევროპულ ოჯახში

2026-05-09 16:04:49+04:00

რაც არ უნდა მოინდომოს შიდა თუ გარე მტერმა, ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ ჩვენს ბუნებრივ, დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მან ისაუბრა ევროპის დღეზე და ქართველი ხალხის, როგორც ევროპის ნაწილის მნიშვნელობაზე.

„ევროპა არ არის როგორც შორს მყოფი, ხელშეუხებელი იდეა, ევროპა არის ჩვენი გენეტიკური კოდის, დნმ-ის ნაწილი იმიტომ, რომ ევროპა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილი. ქრისტიანული ღირებულებებიდან მოდის ადამიანის უფლებები, ადამიანის პატივისცემა, ადამიანის თავისუფლება, თანასწორობა. ამიტომ, არის, რომ ჩვენი ეს მისწრაფება უბრალოდ რაღაც იდეის დონეზე კი არ არის, გენეტიკური მისწრაფებაა. რაც არ უნდა მოინდომოს შიდა თუ გარე მტერმა, ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ ჩვენს ბუნებრივ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში“- განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის მიმართ ორსახოვანი პოლიტიკა აქვს.

„ოცნებამ“ თავადაც ძალიან კარგად იცის, რომ მათ შორის „ოცნების“ ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს საკუთარი მომავალი და საკუთარი შვილების მომავალი სწორედ ევროპაში წარმოუდგენია. ამიტომ აქვს ჰიბრიდული ორსახოვანი პოლიტიკა, რომ თან ამბობენ, რომ „აი, ჩვენ, ევროპა“ და თან, შეურაცხყოფებს აყენებენ, თავს ესხმიან ელჩებს. როდესაც ელჩს ესხმი თავს, დიპლომატიის ანი-ბანი არის ის, რომ ეს ელჩი წარმოადგენს კონკრეტულ სახელმწიფოს და ევროკავშირის შემთხვევაში, ევროკავშირს როგორც ორგანიზაციას. ის არ არის ცალკე მყოფი ინდივიდი. შესაბამისად, დამერწმუნეთ, ძალიან კარგად იცის, „ოცნებამ“, რომ ნებისმიერ ელჩზე თავდასხმა არის იმ სახელმწიფოზე და იმ ორგანიზაციაზე თავდასხმა“,- განაცხადა ბუჩუკურმა.