რუსული მედია - ვლადიმერ პუტინი რობერტ ფიცოს შეხვდა - Palitra News

რუსული მედია - ვლადიმერ პუტინი რობერტ ფიცოს შეხვდა

2026-05-09 16:07:09+04:00

ვლადიმერ პუტინი რობერტ ფიცოს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მოსკოვში, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობელი ვარ, რომ დღეს აქ ხართ. ვიცი, რომ გარკვეული სირთულეები იყო მოსკოვში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თუმცა, მთავარია, რომ აქ ხართ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი სლოვაკეთის ენერგეტიკული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე რობერტ ფიცომ სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა.

„ვხედავ, რომ რკინის ფარდა კვლავ ჩნდება. მე მხარს ვუჭერ ურთიერთსასარგებლო და მეგობრულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სლოვაკეთს, ისე რუსეთის ფედერაციას, შეუძლიათ უმოკლეს დროში გადადგან რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება სტანდარტული ურთიერთობების აღდგენისკენ“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.