ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის პროკურორი - ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ - Palitra News

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის პროკურორი - ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ

2026-05-09 16:42:27+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებენ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, თუკი, ხაბეიშვილი სურვილს გამოთქვამს, ის გამოიკითხება.

„ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობას. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ.

სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა. როგორც მოგეხსენებათ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, 550-მდე პირია გამოკითხული, გამოთხოვილია ასეულობით ვიდოეჩანაწერი, განხორციელებულია ხსენებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, საქმე თავის მოცულობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია",- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუ ვინ არიან მოწმეები და არიან თუ არა ისინი ძალოვანი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირები, ან არის თუ არა მათ შორის, მირზა კეზევაძე, პროკურორი პასუხობს, რომ "დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს".

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვას, ვინაიდან მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობაში ორზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რომელიც ასევე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პროკურორი პასუხობს, რომ თუკი, ხაბეიშვილს სურვილი ექნება, მას გამოკითხავენ.

„საქართველოს პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთი საპროცესო-საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა. რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებები გახდა აღნიშნული პირების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. თუ იქნება მოპოვებული ის მტკიცებულებები, რითაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, მათ სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

ლევან ხაბეიშვილი თავდაპირველად დაბარებული იქნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა, მან საკუთარი სურვილით უარი განაცხადა გამოცხადებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე. ბუნებრივია, თუ მას სურვილი ექნება, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს, ბუნებრივია, გამოიკითხება",- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუკი, 2 წლის განმავლობაში ვერ ხდებოდა პირების იდენტიფიცირება, რა შეიცვალა ახლა, ან ვინ მისცა დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენება, გამყრელიძე ასე პასუხობს:

„როცა საკმარისი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული კონკრეტული პირების იდენტიფიცირებისთვის, შესაბამისად იქნა მათ მიმართ დევნის დაწყების გადაწყვეტილება",- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაკავებულებთან ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, მათი ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, პროკურორი პასუხობს, რომ "გამოძიების ფარგლებში თუკი, რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, საქართველოს პროკურატურა დაიწყებს მათ მიმართ სისხლისამართლებრივ დევნას",- განაცხადა გამყრელიძემ.