პოლიტიკური შეფასება მოჰყვა იმ სამართალდამცველების დაკავებას, რომლებიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ლევან ხაბეიშვილსა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეში ფიგურირებენ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, თითქოს ძალადობა სისტემური ან კონკრეტული დავალებით ორგანიზებული იყო. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის თქმით, გამოძიება ინდივიდუალურ შემთხვევებზე მიმდინარეობს და პროცესს შესაბამისი უწყებები ობიექტურად აწარმოებენ.
ოპოზიცია კი ხელისუფლების შეფასებას არ ეთანხმება. მათი განცხადებით, ხუთი პირის დაკავება მხოლოდ ფორმალური ნაბიჯია და რეალური პასუხისმგებელი პირების დაფარვას ემსახურება. ოპოზიციის შეფასებით, საქმე სისტემურ ძალადობას ეხება, ხოლო მიმდინარე გამოძიება მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებს მოიცავს.