ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით - ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით - ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი

2026-05-10 13:28:34+04:00

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ერევნის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს, რადგან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტი სწორედ კიევის მიერ ასეთი განზრახვის გამოთქმის შემდეგ დაიწყო.

„თქვენ გესმით, რომ ამჟამად ჩვენ განვიცდით ყველაფერს, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება. და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით, ან გაწევრიანების მცდელობით. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო... შემდეგ ეს ყველაფერი მივიდა სახელმწიფო გადატრიალებამდე, ყირიმის საქმემდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიციამდე და საბრძოლო მოქმედებებამდე. აი, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, სომხეთმა არ უნდა გადადოს გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა.

„ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის იმის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთიც საკუთარ დასკვნებს გამოიტანს და შესაძლოა, „ინტელიგენტური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების“ გზას დაადგეს.

„შესაბამისად, ჩვენც გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და რბილი, ინტელექტუალური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების გზას დავადგებოდით“, - აღნიშნა პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი კავშირში მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებს.

„სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებს. ეს ეხება სოფლის მეურნეობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, საბაჟო და სხვა გადასახადებს და ა.შ. ეს ასევე ეხება მიგრაციის სფეროს“, - აღნიშნა პუტინმა.