ვფიქრობ, ხვალ, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება იყოს - მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე, ზოგადად საქართველოზეც ,- ამის შესახებ ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებს პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, მომავალი პატრიარქი უნდა იყოს მოყვარული.
„ღვთის შეწევნით, ხვალ ავირჩევთ ახალ პატრიარქს. ვფიქრობ, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება იყოს. ჩვენი ხალხი გამოარჩევს საკუთარ პატრიარქს. მე არ ვიცი [რა გაურკვევლობაა სინოდში]
50 წელი აქ ვართ, ვუყურებთ ერთმანეთს, ვიცნობთ... მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე, ზოგადად საქართველოზეც. მომავალი პატრიარქი უნდა იყოს მოყვარული“, - აღნიშნავს მეუფე ანანია.
ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.