საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების საორგანიზაციო საკითხები, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება
დეკანოზის თქმით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით.
„11 მაისს მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნული არის გაფართოებული კრება, ნომრით #14. იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე 3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით დეტალები ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული, ასევე, ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილი სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. ამით მოხდება სიაში იდენტიფიცირება.
შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან. 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება კენჭისყრისთვის მზადება",- განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოში განმარტეს, რომ სხდომის ნაწილი დახურულია, კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა კენჭისყრის პროცესი, ასევე, შედეგის გამოცხადება, ხოლო დათვლის პროცესი იქნება დახურული.
"მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქდება ღონისძიება ტელევიზიით, „პირველი არხის“ საშუალებით. ამ სხდომის ნაწილი უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს დასრულების შემდეგ თუ ჩავთვლით საჭიროდ და ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ. ამ კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში. შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა და საბოლოოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეზოში დასწრება ნებისმიერს შეეძლება.
მანქანებით მისვლა იზღუდება და ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, ასევე მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მიდის. ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ აირჩევა მომავალი პატრიარქი.
„ხვალ ბიულეტენებზე იქნება 3 კანდიდატი შემოსახაზი. ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი იდება კონვერტში, მოთავსდება საარჩევნო ყუთში,რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული“ , - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები და ეპარქიების წარმომადგენლებიც.
„28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი ხვალვე გამოცხადდება. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანაია, ის არის ხმის დამთვლელი, კომისიის თავმჯდომარე“,-აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი განმარტებით, თუ რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება.
„მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის,რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის 20 ხმა. თუ რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა. ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა. “,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მის თქმით, შეთანხმების საგანია სწორედ ის, თუ ვინ და რამდენი ადამიანი გამოვა სიტყვით.
„საპატრიარქო კანდიდატებს ექნებათ 5 წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3 წუთიანი. თავის სიტყვაში ყველას საშუალება აქვს ისაუბროს მისთვის სასურველი საკითხების შესახებ“,-განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.