საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კვლავ პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბრიუსელსა და თბილისს შორის რიტორიკა სულ უფრო მწვავდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ღია წერილით მიმართა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მიდგომები დაპირისპირებასა და შიდა პროცესებში ჩარევას უწყობს ხელს. ამავდროულად, ევროკავშირის მხრიდან კვლავ ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გზავნილები. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ საქართველო წარსულში რეგიონში ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით ლიდერი იყო, თუმცა დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია. მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობის „ყველა ფანჯარა დახურა“, თუმცა ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივა კვლავ ღიად რჩება. კიდევ რაზე საუბრობს ევროპარლამენტარი გრეგოროვა და როგორია „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებები.