სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სადაც 142-ე პატრიარქს ირჩევენ, კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ხმის მიცემის პროცესში 39 მღვდელმთავარი მონაწილეობდა.
კენჭისყრის შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს, რომელიც ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა.
რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცესს, ბიულეტენებზე შემოსახაზი იყო სამი კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. შემოხაზვის შემდეგ, მღვდელმთავრებმა ბიულეტენი განათავსეს კონვერტში, რომელიც საარჩევნო ყუთში მოთავსდა.
შეგახსენებთ, მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ამ შემთხვევაში - 20 ხმა.შესაბამისად, თუ პატრიარქობის რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში კენჭისყრა გაიმართება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის.
დღესვე ინტრონიზაციის თარიღი გამოცხადდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას კრების მიერ არჩეული ახალი პატრიარქი მიიღებს.
შეგახსენებთ იმასაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.