ნუგზარ ბარდაველიძე - პატრიარქმა შიომ განაცხადა, რომ ილია მეორის გზას გააგრძელებს, თუმცა სიახლეს შეიტანს - ცვლილებებს ველოდები, რადგან ცვლილებები მომწიფდა - Palitra News

ნუგზარ ბარდაველიძე - პატრიარქმა შიომ განაცხადა, რომ ილია მეორის გზას გააგრძელებს, თუმცა სიახლეს შეიტანს - ცვლილებებს ველოდები, რადგან ცვლილებები მომწიფდა

2026-05-11 20:10:39+04:00

ეს პერიოდი, ორმოცი დღე, რაზეც საყვედური ჰქონდათ, რომ მეუფე შიო ქადაგებით არ გამოდიოდა, აქტიური არ იყო და ა.შ. აქტიური ვერ იქნებოდა, მითუმეტეს, ილია მეორის ჩრდილქვეშ როცა ხარ, იქ აქტიურობას ვერ გამოიჩენ , - ამის შესახებ რელიგიათმცოდნე ნუგზარ ბარდაველიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ბარდაველიძემ აღნიშნა, მეუფე შიოს მიმართ ბრალდებები, რომელიც მისი სიონის ტაძარში მანქანით მისვლასა და რუსეთში მიღებული განათლებას ეხება, „თითიდან გამოწოვილია“.

„მეუფე შიო ცხრა წელი თანამოსაყდრე იყო. ილია მეორე მართავდა ეკლესიას, მოსაყდრე კი ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებდა. ხვალინდელი დღიდან, უკვე აღსაყდრების მერე დაიწყებს თავის დამოუკიდებელ მსახურებას.

ეს პერიოდი, ეს ორმოცი დღე რაზეც საყვედური ჰქონდათ, რომ ქადაგებით არ გამოდიოდა, აქტიური არ იყო და ა.შ. აქტიური ვერ იქნებოდა, მითუმეტეს, როცა ილია მეორის ჩრდილქვეშ ხარ, იქ აქტიურობას ვერ გამოიჩენ. ეს პერიოდი ვნახეთ, რომ გამოდის, ქადაგებს, 9 აპრილს მოვიდა, ჩაატარა მსახურება რუსთაველზე...

ამას გარდა, მე ვთვლი, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა ის, რომ მანქანით მივიდა სიონის ტაძარში. კი, მართალია წინა პატრიარქები ფეხით მოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ ფეხით იმიტომ მოდიოდნენ, რომ იმ ეზოში ცხოვრობდნენ და ოცი მეტრი უნდა გაგევლო იქიდან. მინდა, რომ ამას კარგად შევხედოთ - არის დაცვის სამსახური, რომელიც ბევრ რამეს არც პრეზიდენტს ეკითხება, არც პატრიარქს. დაცვის სამსახური თვითონ წყვეტს, იმ მოცემულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს. როცა იქ უამრავი ხალხია, მოსალოდნელია, რომ რაიმე ინციდენტი იყოს, ამიტომ დაცვის წევრები ცდილობენ, რომ ეს ინციდენტები მინიმუმამდე დაიყვანონ.

წინა პერიოდშიც მანქანით არ შედიოდა პატრიარქი სხვა ტაძრების ეზოში? ამაზე არავის არ ჰქონია პრეტენზია.

რაც შეეხება განათლებას, ძალიან ბევრს რუსეთში აქვს განათლება მიღებული, მათ შორის, ილია მეორესაც მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მაგრამ ამით მე მგონი, არაფერი დააკლდა“, - განაცხადა ბარდაველიძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ეკლესიაში სავარაუდო ცვლილებებს, ბარდაველიძემ უპასუხა, რომ ერთბაშად არა, თუმცა რეფორმები თანდათანობით იქნება, რადგან ცვლილებები უკვე მომწიფებულია.

„ცვლილებებს ველოდები, კი. ეს არ იქნება ერთბაშად, მაგრამ ნელ-ნელა გასაგებია, რომ ასე იქნება. მითუმეტეს, განაცხადა მეუფე შიომ, რომ ის ილია მეორის გზას გააგრძელებს. გააგრძელებს, თუმცა გასაგებია ის, რომ ყველა პიროვნება რაღაც სიახლეს შეიტანს [მის მოღვაწეობაში]. მე არ ვამბობ, რომ ეს ხვალიდან დაიწყება, მაგრამ თანდათანობით ამის მომსწრეები ვიქნებით. ზოგადად, ერთბაშად რეფორმების გატარება არ შეიძლება. რაც არ უნდა კარგი რეფორმა იყოს, ეს უკურეაქციას იწვევს. თანდათანობით იქნება იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ისედაც მომწიფდა“, - განაცხადა ბარდაველიძემ.