მოსკოვი და ოკუპირებული ცხინვალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - Palitra News

მოსკოვი და ოკუპირებული ცხინვალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

2026-05-11 20:41:33+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას ითვალისწინებს.

დოკუმენტი 2026 წლის 9 მაისს, მოსკოვში გაფორმდა და ოფიციალური განმარტებით, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე მოიცავს კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებაზე, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობის სოციალური საკითხების მოგვარებას და მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებით.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ შეთანხმება ურთიერთობებს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.