საქართველოს ახალ პატრიარქად შიო III აირჩიეს - Palitra News

საქართველოს ახალ პატრიარქად შიო III აირჩიეს

2026-05-11 20:47:24+04:00

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი გახდა და მას შიო მესამე ეწოდა. გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ახლად არჩეულმა პატრიარქმა 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - მიტროპოლიტ იობს მხარი 9-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს - 7-მა. შიო მესამის ინტრონიზაცია კი ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება.

ახლად არჩეულმა პატრიარქმა პირველი განცხადებით აღნიშნა, რომ გაცნობიერებული აქვს როგორც ამ მოწოდების სიდიადე და პატივი, ისე საკუთარი ადამიანური სიმწირე და უძლურება. შიო მესამემ მღვდელმთავრებსა და ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკლესიის ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქვეყნის მშვიდობისთვის ილოცებს. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დგას და მნიშვნელოვანია, ეკლესიამ საზოგადოების გამთლიანებისა და სულიერი გაძლიერების მისიას ღირსეულად გააგრძელოს.

ახალ არჩეულ პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს მღვდელმთავრებმაც. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა და აქამდე პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გრიგოლმა განაცხადა, რომ სინოდი ერთიანობას შეინარჩუნებს და ეკლესიის წინაშე არსებულ სირთულეებს ერთად გაუმკლავდება.