„ეს არის ავანსი ახალი პატრიარქისთვის“ - რას ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე - Palitra News

„ეს არის ავანსი ახალი პატრიარქისთვის“ - რას ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე

2026-05-11 21:46:43+04:00

პატრიარქი სულ ამას გვეუბნებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ის წავიდოდა, შეგვენარჩუნებინა ერთსულოვნება - საქართველოს ეკლესიამ ერთსულოვნების შენარჩუნება შეძლო , - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიტროპოლიტი სტეფანეს განცხადებით, „ერთსულოვნების სული“, რაც თან ახლდა პატრიარქის გარდაცვალებას, გაგრძელდა და ახალ პატრიარქის აქვს ხალხის სიყვარული და სინოდის თანადგომა.

„მინდა, გითხრათ, რომ სასიხარულო რამ მოხდა. ის სული, რაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დატრიალდა, ასეთი სული გაგრძელდა, ამ სულით ვმოქმედებთ დღეს, ეს არის ყველაზე სასიკეთო. ხალხიც ამას გრძნობს და უხარია. უნდა გენახათ რა ხდებოდა სამების ტაძარში, არ არსებობს ტყუილად ვიღაცამ ვიღაცას ტაში დაუკრას, იყო აღფრთოვანება, სიხარული. ეს არის ავანსი უწმინდესი შიოსთვის, ახალი პატრიარქისთვის, ხალხისგან სიყვარული და სინოდისგან თანადგომა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანე მეუფე ზენონის მიერ პატრიარქ შიოზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ემოციური სიტყვა ითქვა, თუმცა ეს არ არის გამოუსწორებელი.

„რაღაც დონეზე ემოციების საკითხია. როცა ასეთი საკითხები წყდება, ემოციები შეიძლება მოთოკო. ყოველთვის არ გამოდის, მეც არ გამომდის. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ემოციური სიტყვა ითქვას, მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი. დღეს მაგალითად, მე ვიცი, რომ მეუფე ზენონმა მეუფე შიოს უთხრა, რომ ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობას მოვახერხებთ ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ. მან ეს ინიციატივა თვითონ გამოიჩინა. პატრიარქმა შიომაც იგივე აზრი გამოთქვა, მზად არის ყველას მოუსმინოს, ყველასთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.