სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინტრონიზაციასთან დაკავშირებით მსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.